Page 42 - SEVEN STEPS for COMPREHENDING the EUROPEAN UNION
P. 42
41
დიდი ორმაგი უმრავლესობით კენჭისყრის წესმა გააჩინა
მცნება „blocking Minority“, ანუ საკითხის ბლოკირებისთვის
საჭირო უმცირესობა. იგი განსაზღვრავს ევროკავშირის წევრი
ქვეყნების იმ მინიმალურ რაოდენობას, რომელიც საჭიროა
ევროკავშირის საბჭოში დიდი უმრავლესობით გადაწყვეტილების
მიღების ბლოკირებისთვის. blocking Minority-ის დათვლა დიდი
ორმაგი უმრავლესობის წესის მიხედვით ხდება - საკითხის
ბლოკირებისთვის საკმარისი უმცირესობის ფორმირებისთვის
საჭიროა, რომ ევროკავშირის 4-მა წევრმა ქვეყანამ მაინც მისცეს
ხმა საკითხის წინააღმდეგ, იმ პირობებში, რომ მოწინააღმდეგე
ქვეყნების საერთო მოსახლეობა ევროკავშირის მოსახლეობის
35%-ზე მეტი იქნება.
ზემოთაღწერილი მექანიზმის ანალიზი საინტერესო შედეგს
იძლევა: დღესდღეობით გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის
მოსახლეობა ევროკავშირის საერთო მოსახლეობის 18,72%-
ია, ხოლო საფრანგეთის თითქმის 15,11%, რაც საერთო ჯამში
ევროკავშირის მოსახლეობის თითქმის 34%-ს შეადგენს.
ევროკავშირის საბჭოს ფარგლებში გადაწყვეტილების მიღებისას
საკმარისია, ამ დუეტს დაემატოს რომელიმე ტრადიციული
პარტნიორი, როგორიცაა, მაგალითად, იტალია (13,25%), ან თუნდაც
ნიდერლანდები (თითქმის 4%), რომ ბლოკირებისთვის საჭირო
მოსახლეობის კრიტიკული რაოდენობა - 35% იოლად გროვდება.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საკითხის ბლოკირებისთვის
ასევე საჭიროა მინიმუმ 4 ქვეყნის ერთიანი პოზიცია. ამ სახის,
4 ქვეყნისაგან შემდგარი, ალიანსის ფორმირება გერმანიასა
და საფრანგეთს არასდროს უჭირთ, ევროკავშირში მათი
პოლიტიკური წონის გათვალისწინებით.
ზემოთ აღწერილი სურათიდან შესაძლებელია იმის დათვლაც,
რომ, მაგალითად: ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, ხორვატია,
კვიპროსი, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საბერძნეთი,
უნგრეთი, ირლანდია, ლატვია, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მალტა,
სლოვაკეთი, სლოვენია, შვედეთი, პორტუგალია და რუმინეთი,
ევროკავშირის წევრი 21 ქვეყანა, ერთიანი პოზიციით ვერ
ახერხებენ გადაწყვეტილების მიღებას, ვინაიდან ამ ქვეყნების
ჯამური მოსახლეობა ევროკავშირის მთლიანი მოსახლეობის
მხოლოდ 32%-ია.