Page 32 - SEVEN STEPS for COMPREHENDING the EUROPEAN UNION
P. 32
31
უსაფრთხოება და მართლმსაჯულება, სავაჭრო პოლიტიკა და
სხვა. ამის გარდა, როგორც აღინიშნა, ევროპარლამენტს მიენიჭა
მნიშვნელოვანი როლი ევროკავშირის გადაწყვეტილებების
ფორმირების პროცესში და იგი ევროკომისიის მიერ ინიცირებულ
საკითხს ევროკავშირის საბჭოსთან ერთად ამტკიცებს. ასევე,
ევროპარლამენტი ამტკიცებს ევროკომისიის პრეზიდენტსა
და ევროკომისიის შემადგენლობას, ასევე ევროპული საბჭოს
პრეზიდენტის კანდიდატურას.
აღსანიშნავია, რომ როგორც ევროპარლამენტის პლენარული
სესია, ისე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა არა
მხოლოდ კანონშემოქმედებით ფორმატს წარმოადგენს, არამედ
მნიშვნელოვანი პოლიტიკური ტრიბუნაცაა, რომელსაც არა ერთი
ქვეყნის ლიდერი იყენებს. მათი გამოსვლა ევროპარლამენტის
პლენარულ სესიაზე ან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის
სხდომაზე ხშირად სხვადასხვა მაღალი დონის ვიზიტის
პროგრამის ღონისძიებათა შორის ხვდება. კალენედარული წლის
განმავლობაში მრავალი ლიდერი სიტყვით გამოდის აღნიშნულ
სესიებსა თუ სხდომებზე და პასუხობს ევროპარლამენტარების
კითხვებს, იღებს მათგან შეფასებებს, რეკომენდაციებს,
მხარდაჭერას და კრიტიკას.
ევროპარლამენტის დაკომპლექტების წესი და 2024-2029
წლების მოწვევის ევროპარლამენტი
2024 წლის ივნისში გამართული არჩევნების შედეგად,
ევროპარლამენტის მანდატი 720-მა დეპუტატმა მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ 2019-2024 წლების ევროპარლამენტში
დეპუტატთა რაოდენობა 705-ს შეადგენდა, თუმცა, აღნიშნული 5
წლის განმავლობაში ევროკავშირის მოსახლეობის რაოდენობის
ზრდის გამო, გაიზარდა ევროპარლამენტში ევროკავშირის
მოქალაქეების წარმომადგენლობაც. ასევე აღსანიშნავია,
რომ 751 ევროპარლამენტის წევრების ზღვრული რაოდენობაა,
რომელსაც ლისაბონის ხელშეკრულება ითვალისწინებს, ანუ,
მომავალში ევროპარლამენტის წევრების რაოდენობა 751-ს არ
გადააჭარბებს.